აგროსიახლეები

იხვები პესტიციდების ნაცვლად

სამხრეთ აფრიკის ქალაქ სტელლენბოსის ქუჩებში, რომლებიც თავის შესანიშნავი ღვინოებით მთელს მსოფლიოშია ცნობილი, 1000-ზე მეტი ფრთისგან შემდგარი იხვების გუნდი ყოველდღიურ სადემონსტრაციო მსვლელობას მართავს. იხვების ერთგვარი დემონსტრაცია შემთხვევითი მოვლენა არ გახლავთ. ასე იწყება იხვების ყოველდღიური „სამუშაო დღე“, რომლებიც თავდაჯერებულად მიემართებიან ვენახების მავნებლებისგან დასაცავად.

იხვების გუნდის მფლობელები, თეთრი ალმების მეშვეობით ფრინველების გუნდს ვერგენოგედის ვენახების ჭიშკართან უყრიან თავს.

პირველი 6 იხვი სამხრეთ აფრიკაში 1994 წელს ამ ვენახების მაშინდელმა მფლობელმა ჯონ ფორმა ჩამოიყვანა და ისინი წარმატებით „დაასაქმა“ ჯერ ხეხილის ბაღში, შემდეგ კი ვენახებში.

ეს ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც იხვები არიან დასაქმებული. მათი თანამდებობრივი მოვალეობაა ლოკოკინების, ჭიების და ვაზის სხვა მავნებლების ჭამა-განადგურება. იხვებისთვის ეს ძვირფასი სადღესასწაულო საკვებია, ხოლო ვენახის მფლობელთათვის ვაზის ბიოლოგიური მეთოდით დაცვა. ამის გარდა იხვების სკორე შესანიშნავი სასუქია ვენახისთვის. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, იხვები მიდიან დასასვენებლად და მეზობელ გუბურაში საჭყუმპალაოდ.

იხვების ყოველდღიური სადემონსტრაციო მსვლელობა ქალაქის სავიზიტო ბარათია და უამრავ ცნობისმოყვარე ტურისტს იზიდავს, ამ საინტერესო მსვლელობის სანახავად.

ადგილობრივი ეკოლოგები მაღალ შეფასებას ანიჭებენ იხვების კრეატიულ მფლობელებს, რომლებიც ფრინველებს იყენებენ პესტიციდების ნაცვლად. სწორედ იხვების შრომისმოყვარეობის შედეგიცაა, რომ ვერგენოგედის მეღვინეობამ WWF-ის ბიოსერტიფიკატი მოიპოვა, თუმცა ფრინველების ბიოდამცველებად გამოყენება გაცილებით ძვირია, ვიდრე პესტიციდებით ვენახის დამუშავება, მაგრამ ფაქტია, ისინი ხელს უწყობენ ვენახის ფართობების ზრდას, იცავენ ნიადაგს და გარემოს პესტიციდების დაბინძურებისგან.

შრომისმოყვარე იხვების დამსახურებაცაა ის, ალკოჰოლური სასმელების მოყვარულებსა და დამფასებელთა შორის ამ ვენახებში მოწეული ყურძენი და ღვინო მაღალ შეფასებას იმსახურებს.

წყარო: apnews.com