შერეული ნათესები
ეს მეთოდი ერთ კვალზე სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების მოყვანას ითვალისწინებს. თანაც მნიშვნელოვანია ამ კულტურების ისეთნაირად შერჩევა, რომ თუ ერთს ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს, მეორეს ღრმა ფესვთა სისტემა უნდა ჰქონდეს; საკვები ნივთიერებების მიმართაც მომთხოვნი და ნაკლებად მომთხოვნი მცენარეები ერთმანეთს უნდა შევუთავსოთ. ამ მეთოდის გამოყენებით ნიადაგს მთელი ვეგეტაციური პერიოდის მანძილზე მცენარეულობა მუდმივად ფარავს. ამის შედეგად კი ნიადაგურ პროცესებს ხელსაყრელი პირობები ექმნება და ითრგუნება სარეველები. რადგანაც ნიადაგიდან არ გადის ერთი და იგივე საკვები ნივთიერებები, ამით გაწონასწორებულია სხვადასხვა მცენარის მომარაგება ამ ნივთიერებებით. ამასთან ერთად ცნობილია, რომ ბევრი მცენარე, როცა ისინი ერთად მოჰყავთ, ერთმანეთის ზრდასა და აგრეთვე მავნებლებისა და დაავადებების მიმართ გამძლეობასაც აძლიერებენ (ფესვებისა და ფოთლების სპეციფიკური გამონაყოფის მეშვეობით).
ზოგიერთი გურმანის აზრით, კულტურული მცენარეების სხვადასხვა სახეობის შეთავსება პროდუქციას აგემრიელებს (მაგლითად: თუ გვერდით ქინძი უთესია, პომიდორს სურნელი ემატება, ასევე — კარტოფილსაც, თუ ნაკვეთში პიტნაა შეთესილი; წიწმატელას გვერდით მოყვანილ ბოლოკსაც უფრო სასიამოვნო გემო აქვს, ვიდრე სალათის მეზობლობაში ექნებოდა).
მცველი მცენარეები
ამ ჯგუფს ეკუთვნიან არა მარტო ის თანამგზავრი მცენარეები, რომლებიც მწერებს აფრთხობენ, არამედ ისინიც, რომლებიც, ხატოვნად რომ ვთქვათ, თავგზას უბნევენ მათ. ბევრი მწერი საკვებად გამოსადეგ მცენარეს სუნით ეძებს. მაგალითად, სუნით პოულობენ კომბოსტოს მიწის რწყილები და კომბოსტოს ხვატარი. თუ კომბოსტოს სიახლოვეს მძაფრი სუნის მქონე მცენარეებს, მაგალითად, ქონდარს ან სალბს გავზრდით, ანდა კომბოსტოს ამ მწვანილეულის ექსტრაქტს მოვასხურებთ, ამით კომბოსტოს სუნი მიიჩქმალება და ეს ბოსტნეული მავნებლებისათვის ნაკლებ მიმზიდველი გახდება. სურნელოვანი ბალახები თავიანთი მძაფრი სუნით მავნებლებს აბნევენ და ბოსტნეულ კულტურებს იცავენ, ამიტომაც რეკომენდებულია, რომ რეჰანი მოვიყვანოთ პარკოსნების სიახლოვეს, რათა ისინი დავიცვათ ლობიოს მემარცვლიასაგან; ნიორი — ვარდებთან, ბუგრებისგან დასაცავად; ოხრახუში — სატაცურის გვერდით. თუმცა, ბალახეულის მოქმედება ყოველთვის ერთნაირი ძალით არ ვლინდება. კულტურების დაცვის მიზნით სურნელოვანი ბალახეულის გამოყენებისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ მცენარეთა შორის კონკურენცია არსებობს. ბალახეული რომ არ გათამამდეს და ძირითადი კულტურა არ დაიჩაგროს, ისინი ამ კულტურის რიგებში ცოტ-ცოტა უნდა შევთესოთ და ამ კვლების ნაპირებს „ჩარჩოსავით” შემოვაყოლოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ შერეულ ნათესებში მცენარეთა დაცვითი მოქმედება მავნებლებს მთლიანად ვერასოდეს გააქრობს, მხოლოდ მათი შემცირების იმედი უნდა ვიქონიოთ. კაკლის ხეები აფრთხობენ სახლისა და შინაური ცხოველების ბუზებს, ამიტომაც საძოვრებზე გაზრდილი კაკლის ხეები ძალზე უადვილებენ მინდორში ყოფნას ცხენებსა და მსხვილფეხა რქოსან საქონელს. პირუტყვს შეიძლება შევასხუროთ კაკლის ხის ფოთლების ნახარში ბუზების მოსაგერიებლად. სანეხვეებთან ან საჯინიბოების შესასვლელთან დარგული კაკლის ხეები ამ ადგილებში ბუზების რაოდენობას ამცირებენ. ტეგანი (ღუტა გრავეოლენს) აფრთხობს ბუზებს, ამიტომ კარგია, თუ მას ქოთანში ფანჯრის რაფაზე, ნაკელის გროვისა და ბოსლის ირგვლივ დავრგავთ.
ეზოში დარგული აბუსალათინი კოღოს აფრთხობს. თუ აბუსალათინს დაჭაობებული ადგილების გარშემო დავრგავთ, კოღოს გამრავლებას შევანელებთ.
პიტნა არ უყვართ ჭიანჭველებს. თუ მას სურსათის საწყობში მიმოვფანტავთ — დაიცავს ჭიანჭველების შემოტევისაგან.
აბზინდის ხმელი ფოთლები, როზმარინი, სალბი, ლავანდი და პიტნა აფრთხობს ჩრჩილს. პომიდვრისა და აბზინდის ექსტრაქტი კი — ბუზებს.