თხილის მწარმოებელთა დღე 2026 _ ახალი შესაძლებლობები და ტექნოლოგიური ინოვაციები საქართველოს თხილის სექტორისთვის
საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ზუგდიდში, „აგრიჯორჯიას“ ტერიტორიაზე, თხილის მწარმოებელთა დღე 2026 უკვე მეორედ გაიმართა.
ღონისძიება, რომელმაც წლეულს სექტორის დაახლოებით 200 წარმომადგენელი შეკრიბა, ერძო სექტორისა და ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულ სხვა მხარეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას უწყობს ხელს.
აღნიშნული მასშტაბური ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და „აგრიჯორჯიას“ („ფერერო“ ჯგუფის თხილთან დაკავშირებული აქტივობების განყოფილება) ორგანიზებით, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
როგორც FAO-ს პროგრამის მენეჯერი, გუიდო აგოსტინუჩი აღნიშნავს, „თხილის მწარმოებელთა დღე 2026“ გასულ წელს წარმატებით განხორციელებული ღონისძიებისას მიღებული გამოცდილებების გათვალისწინებით ვითარდება. იგი ფერმერებს კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ შესაძლებლობას სთავაზობს ტექნიკისა და პრაქტიკების მიმართულებით, რაც მათ ინტერესებში შედის და სურსათის უვნებლობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
FAO წარმატებით თანამშრომლობს „აგრიჯორჯიასთან“ მწარმოებლების ხელსაწყოებსა და ცოდნასთან დაკავშირების მიმართულებით, რათა უზრუნველყოს:
- უკეთესი წარმოება;
- უკეთესი კვება;
- უკეთესი გარემო;
- სოფლად მცხოვრები თემების უკეთესი მომავალი.
პრაქტიკული კომპონენტები და ინოვაციური ტექნოლოგიები
შარშანდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით, წლევანდელი შეხვედრა კიდევ უფრო მეტად პრაქტიკულ ნაწილსა და ღირებული კავშირების დამყარებაზე იყო ფოკუსირებული.
თხილის პლანტაციებისთვის განკვითვნილი ტექნიკის მომწოდებლებმა შეკრებილ ფერმერებს წარუდგინეს და გააცნეს თანამედროვე აგრეგატები და ტექნიკური საშუალებები:
- თანამედროვე ტრაქტორები;
- თხილის ბაღის მოსავლელი სპეციალიზებული დანადგარები;
- მოსავლის ასაღები ტექნიკა.
ფერმერებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთისთვის თვალსაჩინოდ შეედარებინათ ბაღის მართვისთვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიები. პარალელურად, წარმოდგენილი იყო მცნარის მოვლის ტექნოლოგიები: უახლესი სასუქები, მცენარეთა დაცვის პროდუქტები და მავნებლებისა თუ დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველი ეფექტიანი საშუალებები.
სურსათის უვნებლობა და ხარისხის შენარჩუნება
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საშრობი სისტემების როლს თხილის ხარისხის შენარჩუნებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების პროცესში. აღნიშნული მიმართულება გასულ წელს ჩატარებული „აგრიჯორჯიას“ საშრობი სივრცეების ტურის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება, რაც აფლატოქსინით დაბინძურების პრევენციას და სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს.
ტექნიკური გამოფენის გარდა, ღონისძიებაზე გაიმართა პრეზენტაციები და დისკუსიები სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, რაც მიზნად ისახავს წარმოების ეფექტიანობის, პროდუქციის ხარისხისა და ზოგადად, კონკურენტუნარიანობის ზრდას.
„თხილის მწარმოებელთა დღე 2026“ ძლიერ, ფერმერზე ორიენტირებულ პლატფორმად ყალიბდება, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს წარმატებული და გამართული მეურნეობის შექმნაში ეხმარება.

